ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას
ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ აცხადებს, ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, მისი თქმით, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებები კვლავ ირღვევა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აგვისტოს ომისას ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
ევროკავშირი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
“კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
2008 წლის ზაფხულიდან რეგიონში რეგულარული ორმხრივი სროლები დაიწყო. ქართული და ოსური სოფლების მოსახლეობა ჩიოდა, რომ ღამ-ღამობით სოფლებში სროლები გახშირდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და მოკლულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებოდნენ.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
● 2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან – 365. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო.
● 20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა.
● საქართველომ დაკარგა კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.
● სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.