პარლამენტის თავმჯდომარე: ვაგრძელებთ განვითარებას, რათა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი საქართველო
პაპუაშვილი აფხაზეთის ომზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს განვითარებას, რათა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად “ვაშენოთ” ერთიანი, ძლიერი საქართველო.
“31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო,” – წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ჩვენი ვალია, ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას ტკივილის ნაცვლად გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს.
“ოცდათერთმეტი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ეს არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, ქვეყნის თავს დამტყდარი უდიდესი განსაცდელი და ჩვენი სამშობლოს წინაშე დამდგარი უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით.
ჩვენი მიზანი უცხადესია – ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულით და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიის ფურცლად იქცევა, ჭკუის სასწავლებელ ფურცლად. ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას ტკივილის ნაცვლად გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს.” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
● აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
● აგვისტო 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები
● ომის დაწყების ორი თარიღი – როგორ გამოეხმაურნენ აგვისტოს ომის წლისთავს საქართველოს პირველი პირები
დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.
აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.
14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ათასი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.