TI: სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა თანხა შესწირეს „ოცნებას" და ბათუმთან მშენებლობის ნებართვა მიიღეს
TI-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებმა თანხა შესწირეს „ოცნებას”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ცნობით, ბათუმთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. ასევე, პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა.
საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ. TI-ს ცნობით, ორი კვირის ინტერვალში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ერთხმად დაამტკიცა.
გამჭვირვალობაში განმარტავენ, რომ შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
“საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება. კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოა, რომ საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
● კვლევა: საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბის და რუსეთის ეშინია
● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში მკვეთრად შეცვალა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე. ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.
გამოცემის ცნობით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
რუსეთის და ბელარუსის ათასობით მოქალაქის შემოსვლამ განსაკუთრებით ბინის ქირის ფასი გაზარდა – გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით ქირა 210 პროცენტითაა მომატებული. გაძვირებულია გასაყიდი ფასიც.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 1 მილიონ 45 ათას 614 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მხოლოდ სექტემბერში, მას შემდეგ რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში 222 ათას 274 რუსი შემოვიდა.
IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.