Tesla-მ ელექტრონული სატვირთო წარმოადგინა
16 ნოემბერს კომპანია Tesla-მ მსოფლიოში პირველი შიდა წვის ძრავის გარეშე შექმნილი სატვირთო მანქანა Tesla Semi წარმოადგინა, – იუწყება CNN.
ერთჯერადი დატენვის შედეგად სატვირთოს დაახლოებით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია. 30 წუთში დამატებითი დატენვის შემდეგ Tesla Semi-ს კიდევ 650 კილომეტრის დაძლევის უნარი აქვს.
ელექტროსატვირთო აღჭურვილია ავტოპილოტით, რომელსაც მანქანის ზოლში ტარება და ადამიანის დახმარების გარეშე გადაწყობა შეუძლია. Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამ მანქანის მართვას თავადაც კი შეძლებს, თუმცა სატვირთოს საჭესთან არასდროს მჯდარა“.
Tesla Semi 5 წამში საათში ასი კილომეტრის სისწრაფეს ავითარებს, ხოლო სრულიად დატვირთულ მდგომარეობაში (36 ტონა) – 20 წამში.
ელქტროსატვირთოები გაყიდვაში 2019 წლიდან გაჩნდება, თუმცა, გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი და დაახლოებითი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
სატვირთოს გარდა, Tesla-მ ახალი ელექტრო სპორტკარიც წარმოადგინა. მოდელი Tesla Roadster 1,9 წამში საათში ასი კილომეტრის სისწრაფეს ავითარებს და დატენვის გარეშე 1000 კმ-ის გავლა შეუძლია. სპორტკარის გაყიდვა 2020 წლიდან დაიწყება, ხოლო მისი მინიმალური ღირებულება 200 ათას დოლარს შეადგენს.