თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დააკავეს
თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
უწყების ცნობით, ამ აფთიაქებიდან სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე იყიდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – წერია განცხადებაში.
5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დააკავეს ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რაც კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
________________________________
● სომხეთში შემცირდა იმ წამლების სია, რომელთა ყიდვაც მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი
● როგორ ცხოვრობენ საქართველოში აივ ინფიცირებულები
● აფხაზეთში განიხილავენ დოკუმენტს, რომლის მიხედვით ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან
_________________________________
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამართალდამცველები “სააფთიაქო ნარკომანიის” ორგანიზატორებს აკავებენ. მსგავსი ოპერაციები პერმანენტულად ტარდება და 2018 წელს, ამ დანაშაულს, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის კარიერა შეეწირა.
2018 წლის 29 სექტემბერს, “სააფთიაქო ნარკომანიის” ლობირების გამო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე დააკავა.
• 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში რეცეპტის გარეშე იკრძალება ფსიქოტროპული, საძილე და სედატიური წამლების გაყიდვა (გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც ბალახებზეა დამზადებული). ურეცეპტოდ იკრძალება ასევე ანტიდეპრესანტების, ანტიბიოტიკების და სხვა მრავალი დასახელების წამლის შეძენა.
• ამ აკრძალვის მთავარი არგუმენტი “სააფთიაქო ნარკომანიასთან” ბრძოლა იყო.
• “სააფთიაქო ნარკომანიის “პრობლემა 90-იანი წლებიდან მწვავედ დგას საქართველოში. 2013 წლამდე ნარკომომხმარებელთა დიდი ნაწილი სააფთიაქო ნარკომანიის მომხმარებლები იყვნენ. ექსპერტების თქმით, ბოლო წლებში “სააფთიაქო ნარკომანიის” მასშტაბებმა მნიშვნელოვნად იკლო.
• ამ აკრძალვის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში პერმანენტულად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა და ამ აფთიაქში ურეცეპტოდ ჰყიდიან ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ამ თემაზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარდა, სადაც გამოჩნდა, რომ თბილისის ზოგიერთ აფთიაქში (და არა ყველაში) უპრობლემოდ ყიდიან მედიკამენტებს, რომლებსაც რეცეპტი სჭირდება.