თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე. მისი დაკავების მიზეზად პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემას ასახელებს.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ, ერთერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
- ბაჩალიაშვილის საქმე: გამოძიება და ვერსიები
- 5 დღის წინ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
პროკურატურა შუბითიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის მოთხოვნას გეგმავს.
2023 წლის 29 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში შუბითიძემ თქვა, რომ მას არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის და რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. მან რამდენიმე უცნობ დეტალზე ისაუბრა. ერთერთი გარემოება, რაზეც მან ისაუბრა შეეხებოდა გარდაცვლილის ტელეფონის დალუქვას.
შუბითიძე ამბობდა, რომ როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე ელგუჯა აპუაშვილი მივიდა გახსნილი ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დალუქულიყო.
ასევე ის ამბობდა, რომ გამოძიების დროს ყველა გამომძიებელს პროკურატურიდან გამოეგზავნა წინასწარ გაწერილი კითხვარი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და მის ფარგლებს არ გასცდენოდნენ.
პროკურატურია აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა დროს ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა გაყალბების, ფალსიფიკაციის ფაქტებს.
„გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე.
შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის – არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან გარდაცვლილი, საკუთარ მანქანაში იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. საბოლოოდ პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და თქვა, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.