სომხეთში, კორონავირუსით
ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„65 და 82 წლის პაციენტებს ჰქონდათ კორონავირუსი, დადასტურებული ორმხრივი პნევმონია და სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობა. ამას გარდა, მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის, ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება და თირკმლის მწვავე უკმარისობა“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოგოსიანმა.
სულ სომხეთში გარდაცვლილთა
რაოდენობამ 16-ს მიაღწია. დაღუპულთა საშუალო ასაკი – 74.8 წელია.
14 აპრილს, ასევე
დაფიქსირდა ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა. 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა
საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1 067 შეადგინა. სულ 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
16 მარტიდან, სომხეთში, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
13 აპრილს მთავრობამ მისი იმავე დროით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. 25 მარტიდან
მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული გადაადგილებაზე. ადამიანებს შინიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“ შეუძლიათ. დამრღვევებს
პოლიცია აკონტროლებს. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის,
მეტრო.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ასეთი კომენტარი გააკეთა შექმნილ ვითარებაზე:
„გუშინ, ჩვენთან 685 ტესტი ჩატარდა, მათგან 28 იყო დადებითი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემია: პირველად, დადებითი ტესტები, თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გამოჯანმრთელების შემთხვევები… საერთო ჯამში, უფრო მეტი კარგი ახალი ამბავი გვაქვს, ვიდრე ცუდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ყურადღება მოვადუნოთ… ეს სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვირუსის გადატეხვა… ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე“.
ბოლო დღეებში, ქვეყანაში,
საგრძნობლად გაიზარდა ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეში
ათასი ადამიანის ტესტირების საშუალება აქვთ.
ორშაბათიდან საგანგებო
მდგომარეობის კომენდატურამ ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთ სახეობაზე მოხსნა შეზღუდვები.
კერძოდ, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ გადამამუშავებელი საწარმოებისა და მშენებლობების
თანამშრომლები, ასევე, არქიტექტორები.
ამასთან დაკავშირებით,
პრემიერ-მინისტრმა დამსაქმებლებს მიმართა და მოუწოდა, მიიღონ ეპიდემიის საწინააღმდეგო
განსაკუთრებული ზომები. დღის განმავლობაში, კომენდატურა მათ დამატებით რეკომენდაციებს
მიაწვდის.