სოხუმის აეროპორტის ძველი ტერმინალი მთლიანად დაიშალა და რეკონსტრუქცია დაიწყო
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის ფარგლებში, 1980-იანი წლების დასაწყისში აშენებული მთავარი ტერმინალი მთლიანად დაიშალა. მშენებლებს დრო ახალი ტერმინალის ასაშენებლად მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ. რუსული კომპანიის მიერ განხორციელებული რეკონსტრუქციის მიმდინარეობას ასლან ბჟანია პირადად აკვირდება.
ასევე დაწყებულია ასაფრენი ბილიკის შეკეთება და სხვა სამუშაოები. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ასევე ახორციელებს ტერიტორიის შემოწმებას ფეთქებადი ობიექტების აღმოსაჩენად.
აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად დასრულებას და პასუხისმგებელ პირებს დაავალა უზრუნველყონ პროექტის ყველა მონაწილის ქმედებების კოორდინაცია და დადგენილ ვადების დაცვა.
- სოხუმის აეროპორტს რუსი ჩინოვნიკის შვილი აღადგენს
- უაზრო რეკონსტრუქცია თუ ტურიზმის სტიმული? მოსაზრება აფხაზეთის აეროპორტის შესახებ
მოასწარი არჩევნებამდე
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია, რომელიც 30 წელზე მეტია უმოქმედოა (აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ), ასლან ბჟანიასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში გაიმართება და ბჟანიას ძალიან სურს, რომ აეროპორტის მუშაობა მანამდე აღდგეს.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება არა მხოლოდ გაზრდის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების ნაკადსაც.
თუმცა სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო ლიცენზიის არარსებობის გამო საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ რუსეთთან იქნება შესაძლებელი. რეკონსტრუქციის ტენდერში გაიმარჯვა ნაკლებად ცნობილმა ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ, რომლის მფლობელიც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევია.
განსაკუთრებული პირობები
ინვესტორმა აფხაზეთის ხელისუფლებისგან უპრეცედენტო სარგებელი მიიღო. კერძოდ, აეროპორტის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სამშენებლო მასალა და აღჭურვილობა გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან – საავიაციო საწვავი და საჰაერო ხომალდის ტექნიკური სპეციალური სითხეებიც კი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.
გარდა ამისა, ინვესტორი თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადისგან ანაზღაურებადი პერიოდის განმავლობაში (25 წელი), ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიას გადაიხდიან ტარიფით, რომელიც განკუთვნილია იურიდიული პირების ყველაზე შეღავათიანი კატეგორიისთვის – სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო