შალვა პაპუაშვილი გამოცემა "პუბლიკას" ესხმის თავს. "პუბლიკა" მის პოსტს მუქარად აფასებს
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “პუბლიკას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2 თებერვალს 16:00 საათზე თბილისი მოლთან დაგეგმილი აქციის შესახებ, შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის რეკლამირება. “პუბლიკა” კი მის პოსტს მედიაზე ზეწოლად და მუქარად აფასებს.
პაპუაშვილმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში გააზიარა გამოცემა “პუბლიკას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ “პუბლიკას” ევროკავშირი აფინანსებს და ევროკავშირის საელჩო არის პასუხისმგებელი “წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე”.
“პუბლიკას” განცხადება სრულად:
“პუბლიკა” “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს მუქარად აღიქვამს. გამოცემის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი გამოცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს.
“პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.
- პარლამენტის თავმჯდომარის და სახელისუფლებო პროპაგანდისტული გვერდების მორიგი თავდასხმა JAMnews-ზე
- “პაპუაშვილის პოსტიდან ერთ საათში ზუკას თავს დაესხნენ” – სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმის დეტალები
აქვე აღვნიშნავთ, რომ “პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.
შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.
პაპუაშვილის ამ განცხადებას “პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად,” – ვკითხულობთ “პუბლიკას” განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პაპუაშვილის მუქარას
შალვა პაპუაშვილის მუქარას „პუბლიკას“ მიმართ გმობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც პაპუაშვილს მოუწოდა, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივება. ქარტია პაპუაშვილის ქმედებებს “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.
“ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები – დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.
„ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგემლობაზე ალაპარაკდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ 1 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქციის შესახებ.
შალვა პაპუაშვილი ამ ინფორმაციას 1 თებერვალსვე გამოეხმაურა პოსტით ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელშიც „პუბლიკა“ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეკლამირებაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა. „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქცია სწორედ ამგვარ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება.
მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე”, – წერია ქარტიის განცხადებაში.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა 31 იანვარს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სასწრაფოდ მიღებული განკარგულება, რომლითაც სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. განკარგულება მას შემდეგ გამოსცა კობახიძემ, რაც გააქტიურდა მსჯელობა პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები განიხილავდნენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვასაც.