შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის მხრიდან საქართველო დაჩაგრულია
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნაში ხელს არაფერი უშლის და საქართველო იჩაგრება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ 9 ნაბიჯის გარეშეც, საქართველო არის ბოსნიასთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ლიდერი ყველაფერში. არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ დღესვე დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები. სინამდვილეში, მოლაპარაკებები უნდა გახსნილიყო გუშინ, ანუ დეკემბერში, როდესაც მოლდოვასთან და უკრაინასთან გაიხსნა ეს მოლაპარაკებები.
დეკემბერშიც დაიჩაგრა საქართველო, ახლაც იჩაგრება საქართველო. ამას ხომ ხედავს ქართველი ხალხი, იცის სად არის უკრაინა, სად არის მოლდოვა, სად არის ბოსნია-ჰერცეგოვინა – ინსტიტუციური განვითარებით, ევროკავშირთან დაკავშირებით, კორუფციის საკითხებში, სასამართლოს საკითხებში – სად არიან ეს ქვეყნები და სად არის საქართველო? მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ხედავს საქართველო, სამწუხაროდ, რომ არის უსამართლო მოპყრობა ქართველი ხალხის მიმართ.” – თქვა პაპუაშვილმა.
● “2024 წელს კონკრეტული შედეგებია საჭირო” – ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის განცხადება
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● დენიელ ფრიდი: საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს, ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი
2023 წლის 5 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაეხსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
26 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებებია წარმოდგენილი.
ჩამოთვლილი აქტივობები 2023-2024 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს. გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა.