სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა
გაზიარება
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომრუსთავი 2-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რჩება. ასევე, მოსამართლემ გააუქმა ყადაღაც, რომელიც ტელევიზიას 2019 წელს დაადეს.
დამფუძნებლების ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად, ქიბარ ხალვაშის ჩვენებაში წერია, რომ მან 2004 წელს რ2 შეიძინა აქიმიძე-დვალისგან, ხოლო თანხა გადაუხადა ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს (შსს მინისტრები სხვადასხვა დროს).
კოჟორიძის განმარტებით, ხალვაშის მხარე სასამართლოზეც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ არაფერი უცნაური აქ არ წერია და ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია.
“დღეს მსოფლიოში არ არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამ ჩვენების დამწერს კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვლის!”, – ამბობს კოჟორიძე და ქიბარ ხალვაშის ჩვენებას სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ”რუსთავი 2-ის წილები იძულებით, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დაათმობინა. ხოლო 2 წლის შემდეგ, 2006 წელს – ხალვაშის თქმით – უკვე თავად მოუწია წილების იძულებით დათმობა, რაზეც“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
სასამართლო განხილვები 2019 წლის 18 ივლისს დასრულდა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნდა. იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.
ამავე წელს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს და ახალი სასამართლო პროცესი დაიწყეს, ახლა უკვე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ.
სასამართლო გრძელდება რუსთავის 2-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც. პროკურატურა მას “რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვას” ედავება.