ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
23 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 911 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 768 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავში მცხოვრებ 84 წლის ქალს, რომელიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მანამდე covid-19 დაუდგინდა მის მეუღლესაც. ორივე მათგანი ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტია.
84 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.