საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება – სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
28 აგვისტოს, სლოვენიაში სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და აღნიშნა, რომ გაფართოება ოცნება აღარაა და დროა, ორივე მხარემ წინ წაიწიოს.
“კრემლი ახორციელებს თავდასხმას არამხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობლებზე, არამედ ყველაფერ იმაზე, რისიც გვწამს: თავისუფლებზე, დემოკრატიაზე, პროგრესზე და თანამშრომლობის სულისკვეთებაზე. შარშან ივნისში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა უკრაინასა და მოლდოვისთვის, ასევე იგივე სტატუსი მიგვეცა საქართველოსთვის, როდესაც ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.” – განაცხადა მიშელმა.