საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო დიდ ქალაქებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.
საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესის განახლება 2 კვირით, 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.
“ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში დაიწყება 1-ელი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თანაბრად ეხება საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.
ასევე გადაიდო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლის განახლება ბათუმსა და ქობულეთშიც.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირებული ადამიანების მიღებისთვის 3 000 საწოლის მომზადება დაავალა.
“უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს 3 000 საწოლი იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ ადამიანებს სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ,” – ამბობს გახარია.
გახარია აღნიშნავს, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს და დაავადების გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმი ქვეყნაში გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობს.
• დააბრუნეთ მკაცრი ზომები!“ – აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება
• კორონავირუსმა სომხეთში ტურიზმის სფერო ჩამოშალა
უკვე მეოთხე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.
დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების დღიდან, 26 თებერვლიდან დღემდე დღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.