კორონავირუსმა სომხეთში ტურიზმის სფერო ჩამოშალა
სომხეთი იმ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა, რომელშიც ტურიზმის სფერო კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში, ქვეყანაში, სულ 311 264 ტურისტი ჩამოვიდა. შედარებისთვის – 2019 წლის იმავე პერიოდში, ეს რიცხვი 770 055-ს შეადგენდა.
• სომხეთი: კორონავირუსი მეღვინეებისა და მევენახეების წინააღმდეგ
• ტურიზმის სფერო სომხეთის ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებს
რაზე მეტყველებს რიცხვები
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაჩვენებლების ფორმირება მოხდა 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, რადგან აპრილიდან ივნისის ჩათვლით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში უცხოელი ტურისტი არ შემოსულა.
ამას გარდა, ჩამოიშალა შიდა ტურიზმიც – ამ პერიოდში ტურისტული ნაკადი შემცირდა 60.5%-ით და 140 158 ადამიანი შეადგინა. ეს არის იმ დამსვენებლების რიცხვი, რომლებიც სასტუმროებში გაჩერდნენ.
მცირე ზრდის დაფიქსირება მოახერხა სამედიცინო ტურიზმის სფერომ – 15.3%.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება
6 ივლისს, სომხეთმა კორონავირუსით ინფიცირების პიკი გადაიარა და დღე-ღამეში ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო.
აქედან გამომდინარე, 12 აგვისტოდან, კომენდატურამ ქვეყანაში ჩამოსვლის უფლება მისცა უცხოელებს, ასევე დაუშვა ქუჩის შეკრებები და მიტინგები – უსაფრთხოების ზომების დაცვით. კერძოდ, საუბარია სოციალურ დისტანციაზე, ასევე, ქვეყანაში, ჯერჯერობით მოქმედებს ნიღბის ტარების სავალდებულო რეჟიმი.
9 სექტემბერს, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დაინფიცირდა – 45 153 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 41 023 პაციენტი, გარდაიცვალა – 905 ადამიანი.