ბოლო დროს გახშირებულ ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ “პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები”.
ასევე, მისი განმარტებით, ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.
“პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.
ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის – პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.” – წერს ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც “ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს”. მათი თქმით, ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან “ადვილად მივხვდებით”, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში:
“რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.”
ოპოზიციური ტელეკომპანიის, „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და პოლიტიკური გადაცემების წამყვანს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი ქუჩაში თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ეს მინიმუმ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ქუჩაში თავს ესხმიან ხელისუფლების ოპონენტებს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ანალოგიური თავდასხმის ობიექტები გახდნენ პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პუბლიცისტი და ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ოსიყმაშვილი.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ძალადობის წახალისება ოპოზიციისა და მედიის საშუალებით ხდება. მისივე თქმით, ზურა ჯაფარიძეზე და მიშა მშვილდაძეზე მოძალადეებს ოპოზიციამ, NGO-ებმა და ელჩებმა “დააჯერეს”, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია.
27 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პრორუსების დაძახების შემთხვევაში მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია ოპონენტებს პასუხს გასცემენ.
მანამდე მმართველი პარტიის წევრმა ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ვინც პრორუსს დაუძახებს, “ცხვირ-პირში მიიღებს”. მამუკა მდინარაძემ კი დაიმუქრა, რომ “მოღალატის” დაძახების შემთხვევაში ოპოზიციას აგინებდა.