საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჯარისკაცი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამჟამად ის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერჯერობით არ ავრცელებს.
მამუკა ჩხიკვაძის საქმეში უკვე ჩართო წითელი ჯვარი. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და სამხედრო ძალებს დააბრუნებს იმ დისლოკაციის ადგილებზე, სადაც ისინი აგვისტოს ომამდე იყვნენ განლაგებულები.
“ეს ძალიან მარტივი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდება, რათა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების განგრძობადი შევიწროება და ხელი შეუწყოს დისკუსიებისთვის ატმოსფეროს გაჯანსაღებას. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს“. – თქვა აშშ-ის ელჩმა.
მომხდარს ციხიდან გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში.
“მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს”, – ამბობს სააკაშვილი.
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
● ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს კაცი, რომელსაც ღამურების შეგროვებას აბრალებდნენ
● უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა აქტივისტმა დავით ქაცარავამ. მისი თქმით, ის და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩხიკვაძის სახლში იმყოფებოდნენ. ქაცარავას თქმით, გაფორმდა რწმუნებულება, რომლის თანახმადაც ხვალ ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება სარჩელი.
“დღეს გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვეს ვადა ხვალ საღამომდე. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქციებს მოვაწყობთ ოჯახთან ერთად. შეგახსენებთ, ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემია. თუ ეს ინფორმაცია მცდარია, მაშინ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ ინფორმაციის ვიდეო მტკიცებულებებით გაქარწყლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვიერ განცხადებას არ ვენდობით”, – წერს ქაცარავა.