სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აფხაზური კულტურული ცენტრი გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სოხუმი აპირებს ამ სახელმწიფოსთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
კულტურული ცენტრი გახსნა აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის სამხრეთ კორეის პარლამენტის რამდენიმე წევრი.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წყაროების ცნობით, კულტურული ცენტრის შექმნის ინიციატივა კორეის მხრიდან იყო და აფხაზეთმა სიამოვნებით მიიღო.
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ოფიციალურ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ის “ხელს შეუწყობს კულტურულ თანამშრომლობას, მხარს დაუჭერს შემოქმედებით ინიციატივებს და გამოცდილების გაცვლას აფხაზეთსა და სამხრეთ კორეას შორის“.
თუმცა, აფხაზეთი ასევე აპირებს ცენტრის გამოყენებას სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად.
ცენტრის გახსნის გარდა, საპატიო სტუმრის რანგში მინისტრი დაურ კოვე დაესწრო ჩონჯუს ხელნაკეთობების ბიენალე 2025-ის საერთაშორისო გამოფენას, რომელიც სამხრეთ კორეაში 2 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე “მშვიდობის მშენებლობის“ დევიზით იმართება და მოიცავს ხელნაკეთი ნივთების ყველა სახეობას.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო