"არსად არ წავალ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, მის გადადგომაზე ოცნება კი ყველამ უნდა დავიწყოს.
“მე ვარ იქ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე მაშინ, როდესაც იყო ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და მე ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული.
ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც მეც მივიღე, როდესაც ცვლილებები შევიდა ახალ კონსტიტუციაში, გვკარნახობს, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია ჩემს უპირველეს და უმაღლეს ვალდებულებად.
ამიტომ დავდივარ – ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში – ვსარგებლობ ჩემი კონტაქტებით და ვსარგებლობ ჩემს მიმართ ნდობით, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა.
თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები.
მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა და მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის რომ მხარს გვიჭერენ და ამ პატივისცემით მხვდებიან – ეს მე კი არა, თქვენ დაიმსახურეთ. ამაყი ვარ, რომ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში წარმოგადგენთ.
მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ. ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
● შეძლებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რატომ წავიდა ამაზე მმართველი პარტია?
● შარლ მიშელი: ევროკავშირი და წევრობის მსურველები 2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის
● “პოლიტიკური ვირეშმაკობაა” – გია ხუხაშვილის კომენტარი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
“ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
მალევე საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში ვიზიტზეც უარი ეთქვა. ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ შეხვედრებზეც.
თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მაინც წამოიწყო. ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა, მოგვიანებით კი იგი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც შეხვდა.