საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში
საკონსტიტუციო სასამართლო “აგენტების კანონზე”
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს გადაწყვბეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო “აგენტების კიანონთან” დაკავშირებით. მხარეები ელოდებიან, რომ ეს შეიძლება დღესაც, 2 სექტემბერს მოხდეს.
31 აგვისტოს, სამდღიანი დებატების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა გამწესრიგებელი სხდომა, სადაც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ.
ამ საქმეს მედიაში უკვე უწოდეს ისტორიული.
ოთხი დამოუკიდებელი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა, 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მედიამ და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს. ისინი ითხოვენ კანონის გაუქმებას, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა.
ამ ოთხი სარჩელიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტოს:
- დაიწყებს თუ არა „აგენტების კანონის” არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას. ანუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას „აგენტების კანონი“.
- და მეორე – თუკი განხილვას დაიწყება, ასეთ შემთხვევაში დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა აღნიშნული კანონის მოქმედებას.
“აგენტების კანონის” საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა განიხილა. გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება, რაც ნიშნავს, რომ ამისთვის ხუთი ხმაა საჭირო.
ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკურად სენსიტიური საქმე, რაც სასამართლომ ამ შემადგენლობით განიხილა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი იყო. პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ მიიჩნია.