სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დე-ფაქტო რეგიონები, საპატრიარქოს პრივილეგიები, 5 ივლისი და სუს-ის ფაილები
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებული კანონმდებლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. ანგარიშში ასევე საუბარია ფარული მოსმენებისა და 5 ივლისის ძალადობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს.
მათი განმარტებით, საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღიარეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიები საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში გაშუქებული სუს-ის ფაილები აჩვენებს, რომ რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება ფართოდაა გავრცელებული.
“მთავრობამ უარყო [ფარული მოსმენების] დოკუმენტების ნამდვილობა, როდესაც ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვა პირებმა დაადასტურეს მათი ნამდვილობა და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია ქვეყანაში რელიგიურ თავისუფლებაზე – დადასტურდა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვალყურს ადევნებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას”. – ნათქვამია ანგარიშში.
სახდეპის დოკუმენტში ასევე საუბარია მთავრობის პოლიტიკაზე პანდემიის დროს, როდესაც საყოველთაო ლოქდაუნის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას დღესასწაულებზე შეღავათებს უწესებდა.
“პარლამენტმა კვლავ ვერ შეასრულა სასამართლოს განკარგულება, რომ შეეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები, ან ეს შეღავათები გავრცელებულიყო სხვა რელიგიურ ჯგუფებზე”, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობაში ულტრამემარჯვენე აქტორებთან ერთად ჩართული იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში სომხურ სამოციქულო, ევანგელურ-ლუთერანულ, კათოლიკურ ეკლესიებსა და მუსლიმ ჯგუფებს კვლავ აქვთ სირთულეები რელიგიური საკუთრების მთავრობისგან აღიარებს საკითხში. სახდეპის თქმით, მუსლიმები საქართველოში კვლავ საუბრობენ მეჩეთების მშენებლობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალობაზე.