საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოფიციალურ განცხადებაში, წუხილს გამოთქვამს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გამო. სამინისტრო წერს, რომ “ყულევის ქარხნის სანქციების სიაში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს”.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტში საქართველოდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა და რამდენიმე კრიპტოპლატფორმა მოხვდა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან ტრანზაქციების აკრძალვა ძალაში შევა ექვს თვეში, თუკი ქარხანა პრაქტიკას არ შეცვლის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, “ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“.
ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს:
საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას”.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში “იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას”.
მოკლედ, სანქციების ახალ პაკეტზე
ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მალე ამოქმედდება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 23 ივლისს, საბოლოოდ შეათანხმეს.
სანქციები ეხება რუსეთის ეკონომიკის იმ სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად აფინანსებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს – ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს.
სანქციები ასევე დაუწესდა 50-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო წარმოებასა და შეიარაღებას ამარაგებენ.
ასევე, სანქციების პაკეტში მოხვდა ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი ჯგუფი: ჯამში 218 სუბიექტი – 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირი.
ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გაფართოება.