რუსი ტურისტების ნაკადი აფხაზეთში თითქმის მეოთხედით შემცირდა
რუსი ტურისტების ნაკადი აფხაზეთში შემცირდა
ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსი ტურისტების ნაკადი აფხაზეთში თითქმის 25%-ით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთმა რეკომენდაცია გასცა, მისმა ტუროპერატორებმა დროებით შეწყვიტონ ტურების გაყიდვა აფხაზეთში და ტურისტებმა თავი შეიკავონ იქ მოგზაურობისგან.
ეს რეკომენდაცია უკავშირდება სოხუმში არასტაბილურ შიდაპოლიტიკურ ვითარებას და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გაუარესებას.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას, შეიჭრა სამთავრობო კომპლექსში და აიძულა ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვადამდე გადამდგარიყო, და რადგან სწორედ ბჟანია იყო ამ შეთანხმების მთავარი ლობისტი, მისი წასვლის შემდეგ აფხაზეთის პარლამენტმა უარი თქვა სკანდალური დოკუმენტის რატიფიცირებაზე. ამაზე კრემლი, რა თქმა უნდა, ძალიან გაღიზიანდა.
- მოსაზრება: ისევ გადატრიალება, ისევ პრეზიდენტის დამხობა… როგორ შეიძლება აფხაზეთი გამოვიდეს ამ ციკლიდან?
- აფხაზეთში მასობრივი პროტესტია რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ. ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას.
რამდენი ტურისტი ეწვია აფხაზეთს საახალწლო არდადეგებზე, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არსებობს სტატისტიკა რიცინსკის რელიქტური პარკისა და ახალი ათონის გამოქვაბულის ვიზიტების შესახებ – ორი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი აფხაზეთში.
აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე რიცინსკის პარკში 5,5 ათასი ბილეთი გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლის თითქმის ნახევარია. ახალი ათონის მღვიმე 2025 წლის 1-დან 10 იანვრამდე 5,6 ათასმა ადამიანმა მოინახულა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 7,3 ათასმა ადამიანმა.
გაუქმებული ჯავშნების გამო, აფხაზეთის სასტუმროების უმეტესობამ საახალწლო არდადეგები სტუმრების გარეშე გაატარა.
რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებამ შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს აფხაზეთის ეკონომიკასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. აფხაზეთი დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე და მას პრაქტიკულად მხოლოდ რუსი ტურისტები სტუმრობენ.
თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის მიმართ ინტერესის შემცირება დროებითი მოვლენაა. რუსეთ-უკრაინის ომის, ასევე კრასნოდარის მხარეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საშუალო სტატისტიკურ რუსს ამჟამად დასასვენებლად არსად აქვს წასასვლელი.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ტარას კობიშჩანოვის თქმით, 2025 წელს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები ძირითადად იგივე დარჩება, რაც 2024 წელს იყო: თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ტაილანდი, ჩინეთი და აფხაზეთი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო