რუსეთმა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი გამოაცხადა "უცხოურ აგენტად"
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ სიას კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი დაამატა: აფხაზეთის უძველესი გამოცემის „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი იზიდა ჭანია და ტელეგრამის არხის „აიაშარას“ რედაქტორი ნიზფა არშბა.
ორი კვირით ადრე უცხოურ აგენტად გამოცხადდა გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო იზიდა ჭანიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის „უცხოელი აგენტების ინფორმაციისა და მასალების გავრცელებაში მონაწილეობდა, რომლებიც განკუთვნილია პირებთა შეუზღუდავი წრისთვის“.
ასევე, “„როგორც უცხოური გამოცემის თანამშრომელი, ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე.“
და აგრეთვე, „თანამშრომლობს ქსელურ რესურსთან, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციასთან, შეტანილთან უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული,“ – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ნიზფა არშბას შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო საინტერესოა. აფხაზეთის უმრავლესობისგან განსხვავებით, მას ორმაგი, რუსულ-აფხაზური მოქალაქეობა არ აქვს. მას მხოლოდ აფხაზური პასპორტი აქვს, ანუ ის არ არის რუსეთის მოქალაქე.
თუმცა, ამას არ შეუშალა ხელი რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთვის, რომ ის “უცხოეთის აგენტად” ეცნო და დაებრალებინა, რომ ის “უცხოურ” (აფხაზურ) მედიას ხელმძღვანელობს.
იუსტიციის სამინისტროს თანმხლებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არშბა „ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, ასევე საარჩევნო სისტემაზე”.
ნიზფამ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეოკომენტარი, რომელშიც ამბობს: „რაც შეეხება ჩემს „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას: მე არ ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არასდროს ვყოფილვარ. და აფხაზეთი — ეს არ არის რუსეთი.“
ყველაზე მეტად ახალგამოცხადებული „უცხოეთის აგენტები“ და აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. მათ თავიანთი ჯიუტი სიჩუმე არც მას შემდეგ დაარღვიეს, რაც ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ ოფიციალურად მოუწოდა მათ, აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიღებულ სანქციებზე რეაგირება მოეხდინათ.
ტელეგრამის არხის „აფსნი ხაბარის“ ცნობით, აფხაზეთის ხელისუფლებამ თავადვე წამოიწყო ეს სანქციები „სხვისი ხელით,“ რათა არასასურველ, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა მოეხდინა.
„როგორ ებრძოლო მათ ლეგალურად? ვერაფრით. ამიტომაც შეიყვანეს ისინი სხვა სახელმწიფოს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში,“ – აღნიშნავს „აპსნი ხაბარი“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო