"ბილეთები ნაყიდი გვქონდა" - რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” PACE-ში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის კენჭისყრას
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია PACE-ში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებაში, რომლითაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარეს, ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მმართველი პარტიის წევრების თქმით, მათი ოფიციალური ვიზიტი გუშინ წინ დასრულდა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრნენ.
კენჭისყრა გუშინ, 27 აპრილს ჩატარდა და მასში არ მონაწილეობდნენ არც ოპოზიციის წარმომადგენლები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციით განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით უკანონო დეპორტაციასა და მათ “რუსიფიკაციაში” გენოციდის ნიშნები იკვეთება.
ამავე რეზოლუციით ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების უსაფრთხოდ დაბრუნება, დამატებითი დეპორტაციების აღკვეთა და ყველა პასუხისმგებელი პირის გასამართლება მოითხოვა.
რეზოლუციის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია, “ცხადად იგეგმება და ორგანიზდება სისტემური გზით”, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და მისი მიზანი “ბავშვების უკრაინული იდენტობის ყველა კავშირისა და მახასიათებლის გაქრობაა”.
ასამბლეამ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდა, შეაგროვონ მონაცემები რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შესახებ.
სწორედ ბავშვების რუსეთში იძულებით უკანონო დეპორტაციის გამო, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერთან ერთად, ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე გასცა ორდერი.
“ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა”, – აცხადებს დელეგაციის წევრი “ქართული ოცნებიდან” გივი მიქანაძე.
ოცნების კიდევ ერთი წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, არ იცის, რატომ არ მონაწილეობდნენ მისი თანაგუნდელები კენჭისყრაში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციაში “ეწერა სხვა ისეთი რამ”, რასაც მხარს არ დაუჭერენ.
“შეიძლება, რეზოლუციაში ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დავუჭერთ. მაგალითად ერთ-ერთ ძველ რეზოლუციაში ეწერა, რომ ერთი მხრივ, დავუჭიროთ უკრაინას მხარი, მეორე მხრივ გაუშვით სააკაშვილი. ძველ რეზოლუციაზე ჩვენმა დელეგაციამ თქვა, რომ ეს ამოიღეთ და იმას დავუჭერთ მხარსო. არ ამოიღეს, ვერ დავუჭირეთ… არ მისაუბრია ახლა ჩემს კოლეგებთან, რომლებიც სტრასბურგში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არ ვიცი ახლა ამის მიზეზი არ იყო.” – ამბობს დავითულიანი.
● დააკავებენ თუ არა ვლადიმირ პუტინს და რა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო?
● “ტყვია შუბლში, ბავშვები თავშესაფარში” – 10 მაგალითი იმისა, თუ როგორ ასწავლიან პატრიოტიზმს რუსეთში
● “პედოფილი, განავლის მწმენდავი, ჩაძაღლდეს” – რუსეთში მიიღეს სიტყვების სია, რომელთა გამოყენება აკრძალულია პუტინთან მიმართებით
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ “ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება” არჩია:
“საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.”
Georgia’s ruling party has chosen Putin’s dream over the dreams of its people. Not a single representative of the Georgian ruling party in PACE voted to condemn Putin and Lukashenko. It’s time for the world to wake up and see who they’re serving. It’s time for sanctions against…
— Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) April 28, 2023
გონჩარენკოს თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაამტკიცა ის ცვლილება, რომლითაც ადგენდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო მონაწილეობს უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულში – მათ იძულებით იძულებით დეპორტაციაში, რადგან ბევრი უკრაინელი ბავშვი სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
მისივე განმარტებით, რეზოლუცია ასევე მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.