რატომ აცხადებს რუსეთი აფხაზ ჟურნალისტებს უცხოელ აგენტებად? მოსაზრება
22 მარტს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ორი აფხაზი ჟურნალისტი – იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა “უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა. ორი კვირით ადრე ამავე სიაში შეიყვანეს ჟურნალისტი ინალ ხაშიგი.
ამ ფონზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებას ორი ურთიერთდაკავშირებული კითხვა აწუხებს:
- და რატომ დუმს აფხაზეთის ხელისუფლება და მშვიდად აძლევს ამის უფლებას?
- რა საფუძველზე აცხადებს რუსეთი სხვა ქვეყნის ჟურნალისტებს „უცხოეთის აგენტებად“?
- რუსეთმა აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი უცხოელ აგენტად გამოაცხადა
- რუსეთმა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი გამოაცხადა “უცხოურ აგენტად”
- „რა ვქნათ ახლა?“ – ბოლოთქმა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
როგორც აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი, ცნობილი აფხაზი იურისტი საიდ გეზერდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად წამოიწყო რეპრესიები მისთვის არასასურველი ჟურნალისტების წინააღმდეგ.
კერძოდ, საუბარია რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ბადრა გუნბაზე, რომლის საარჩევნო კამპანია და ხელისუფლებაში მოსვლის მეთოდები ამ ჟურნალისტების მხრიდან აქტიური კრიტიკის ობიექტი იყო.

საიდ გეზერდავა:
“მოსალოდნელი იყო, რომ უცხოეთის აგენტების სიაში ჟურნალისტები იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა აღმოჩნდებოდნენ. ასევე გასაგებია, რომ ეს არის „საპასუხო დარტყმა“ მათ საგამოძიებო და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე. მათ შორის პუბლიკაციებზე, რომლებიც ხელისუფლების „არჩევნების“ მეშვეობით რეიდერულად დაკავებას ეხებოდა.
რატომ აცხადებს მეზობელი ქვეყანა „უცხოეთის აგენტებად“ იმ აფხაზ ჟურნალისტებს, რომლებიც მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლებასა და მის წარუმატებელ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ? რთულია დავიჯეროთ, რომ ამგვარი აღიარება აფხაზეთის ფარგლებს გარეთ რეალურად საჭიროა.
გარე რეპრესიების გამოყენების პოლიტიკა ემსახურება ბადრა გუნბას „უბიწო“, „სუფთა“ პრეზიდენტის იმიჯს. ის თავადაც აქტიურად იყენებს ამ იერსახეს და მხოლოდ „გამარჯვების“ სიტყვებით გამოდის.
ეს როლი სრულიად არაბუნებრივად გამოიყურება. „პრეზიდენტი შეხვდა“, „პრეზიდენტმა მიულოცა“, „პრეზიდენტმა გახსნა“ – მხოლოდ ასეთია ოფიციალური მედიის სათაურები და არანაირი რეაქცია ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლაზე.
სახელმწიფოს ხელმძღვანელი დუმილით ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ის მხოლოდ თავისი ამომრჩევლის ლიდერია და არა მთელი ხალხის.
ამასთან, ყველასთვის გასაგებია, რომ ჟურნალისტებზე და არა მხოლოდ მათზე ინფორმაციის შეგროვება აქ, აფხაზეთში ხდება, და ამას ჩვენი, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც, რომლის ინიციატივითაც გაჩნდა კომპრომატები, რომლებიც დღეს რუსულ ტელევიზიასა და ანონიმურ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
- მოსაზრება: იქნებ რუსეთი უბრალოდ არ არის კმაყოფილი თავისუფალი და დემოკრატიული აფხაზეთით?
- ინალ არძინბამ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავი შეაქო და სხვისი ტელეფონიდან შეურაცხყოფა მიაყენა ქალებს
ფაქტობრივად, ჩვენ ვუბრუნდებით აფხაზეთის ისტორიის ბნელ ფურცლებს, როცა ძალაუფლების, ფულისა და სხვა ინტერესების გამო ზოგიერთი მოქალაქე სხვების მიმართ ღალატს სჩადის.
ამ რეპრესიებთან შეგუების შემდეგ, კიდევ უფრო მკაცრი ზომები მოჰყვება.
რეპრესიების „აუთსორსინგზე“ გატანა საშინლად ცინიკური ნაბიჯია. ასეთი პოლიტიკის დუმილიანი მხარდაჭერა, ან აშკარა თანხმობა, ცალსახად აღიქმება როგორც საკუთარი სახელმწიფოსადმი არალოიალურობა. ეს კი წარმოადგენს ნიადაგს სუვერენიტეტის სრული დაკარგვისა და თავისუფლებების ხელყოფისთვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო