ბრიუსელში დღეს, 14 ივნისს ნატოს სამიტი გაიმართება – როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.
ფოტო: REUTERS/Yves Herman
საქართველოს საკითხი წერია სამიტის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარე ელის, რომ ამ კომუნიკეში “ადეკვატურად იქნება ასახული” რამდენიმე კონკრეტული თემა, რომელიც საქართველოს ეხება.
კერძოდ კი, ოფიციალური თბილისი ელის, რომ კომუნიკეში:
● აღნიშნული იქნება პროგრესი, რომელსაც საქართველომ და მისმა მთავრობამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია;
● ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა;
● ყურადღება გამახვილდება იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტოიერბზე არსებობს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით;
● ასევე, თბილისს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში იქნება ჩანაწერი – „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. ეს ფრაზა საქართველოსთან მიმართებაში ნატომ პირველად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოიყენა. ამჟამად თბილისი მოკავშირეებისგან ელის ბუქარესტის ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ დადასტურებას.
______________________________
ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ – მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ , პანელზე სახელწოდებით Investing in resilience. ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით.