"ყველა თავმოყვარე მთავრობა ჩვენსავით იმოქმედებს" - რა თქვა ღარიბაშვილმა ომიდან ერთი წლის შემდეგ
რა თქვა ღარიბაშვილმა ომიდან ერთი წლის შემდეგ
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომისთვის წლისთავისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოაქცია, რადგან კიევში არ ჩავიდა. პრემიერის თქმით, “ყველა თავმოყვარე მთავრობა ჩვენსავით იმოქმედებს.”
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 თებერვალს კიევის ნაცვლად თურქეთში ჩავიდა და რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
კიდევ რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა:
● თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი თავისუფალია და არავის არ ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, იმ ფონზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და რა თქმა უნდა უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ.
● ყველა უკრაინელი, ჩვენს ქვეყანაში რომლებიც იმყოფებიან, ცხოვრობენ დაცულად, ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ მაქსიმუმს.
● ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს განსაცდელი.
● ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს მთავრობის მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
● მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში. უკრაინამ, დღეის მდგომარეობით, უკვე დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარია 700-800 მილიარდზე, ზოგი კი ამბობს, რომ ზარალმა, ყველაფრის ჩათვლით, შეადგინა ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
● ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას. ჩვენ საქართველოში ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ და ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. ასევე, იცით, რომ ჩვენ გაეროს რეზოლუციის თანასპონსორი ვიყავით.
● ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა აღდგეს. ეს ჩვენი მთავარი გზავნილია. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ბოლო 1 წელში ჩვენ უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ.
● “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
20 თებერვალს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დაადასტურა, რომ უკრაინის რადამ 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში მიიწვია, რაზეც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა.
ზარქუას თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, “დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება”.
ამავე დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას შორის ვითარება გამწვავდა. ჯერ კიდევ თებერვალში საქართველო არ შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
გასული წლის 6 დეკემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ომის პარტიის” წევრები [იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”] სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ უკრაინაში და “რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების.”
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და კვლავ “ომის პარტიაზე” [“ნაციონალურ მოძრაობაზე”} ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.