ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჭიდავეებმაც. ასევე, ოკუპირებულმა ყირიმმა.
“ძმებ ხადარცევების” სახელობის ტურნირის ორგანიზატორი რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაცია იყო. ქართველი მოჭიდავეების ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა ვიდეომასალებითაც დასტურდება.
ფედერაციის განცხადების მიხედვით, ტურნირში მონაწილეობას 20 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. ტურნირი 1-2 ოქტომბერს ჩატარდა.
ჩამონათვალში არიან: ოკუპირებული აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ოკუპირებული ყირიმი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი.
საქართველოდან ტურნირში მონაწილეების რიგებში არიან: 70 კგ წონით კატეგორიაში: ს.კობახიძე, 65 კგ წონით კატეგორიაში: ნ.ბეშიძე, 97 კგ წონაში: ლ. ბაზაძე.
ოკუპირებული აფხაზეთიდან: 70 კგ წონით კატეგორიაში: მ. კოკოსკერია, ლ. ძუკია, 65 კგ წონით კატეგორიაში: ი. კეტია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან: 97 კგ-ში ს. ჯაგაევი, 92 კგ-ში გ. ჩერტკოევი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ტურნირში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.
“ფედერაციიდან არავინ არაა გაშვებული. ფედერაცია საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. სავარაუდოდ საკუთარი ინიციატივით ეს რამდენიმე სპორტსმენი [წავიდა]. ჩვენც ვარკვევთ.” – უთხრეს “ფორმულას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.