გახარიას გადადგომას ქართული ოცნება და მთავრობის ადმინისტრაცია უარყოფს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას უარყოფს.
ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადადგომა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 1-ელ ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოსთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო.
ტელეკომპანიის ცნობით, “გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია” და ის თანამდებობას უახლოეს ხანში დატოვებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ “პრემიერ-მინისტრი იმყოფება სამსახურში და აქვს სამუშაო დღე, მართავს სამუშაო შეხვედრას ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში” და ის არც თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
გიორგი გახარიას გადადგომას უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც.
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
- მოსაზრება: ოლიგარქის რევანში
“ეს არის რომელიღაცა ტელევიზიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავი, რომ მერე მოგვთხოვოთ პასუხი, ასეა თუ არა. ოპოზიციას ამ ბოლო დროს სჩვევია, რომ იგონებენ ხოლმე ამბავს მედიასაშუალებების მეშვეობით და შემდეგ ამ თემებზე ვისმენთ გაბრაზებულ კომენტარებს,” – აღნიშნა მდინარაძემ.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
შს მინისტრის პოსტზე მისი ყოფნის პერიოდს უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამე”, როცა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან საერთაშორისო ფორუმის წაყვანას მოჰყვა, სპეცრაზმის მეშვეობით დაარბიეს.
აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 2019 წლის სექტემბერში გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნეს.