საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობას იწყებს. ის ერთპარტიული იქნება
11 დეკემბერს საქართველოს ახლადარჩეული, მეათე მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას.
პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
„მონებო, მონებო“, – ამ შეძახილების ფონზე შევიდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის შენობაში.
პარლამენტის შესასვლელში მათ სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და “ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს, ისინი პარლამენტის წევრების მისამართით უცენზურო ჟესტებს განასახიერებდნენ.
სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთ აქტივისტს ზებრის კოსტიუმი ეცვა. მან თქვა, რომ იგი “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზებრას განასახიერებდა.
“თუ ეს მონები შევიდნენ, ზებრამ რა დააშავა? ზებრასაც უნდა პარლამენტის წევრობა? რითია სხვებზე ნაკლები?” – თქვა მან.
აქციაზე სხვა სიმბოლოებიც იყო – აქციის მონაწილეებმა ყვავილების გვირგვინი მიიტანეს იმის ნიშნად, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს “უკანასკნელ გზაზე აცილებენ”.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ მემორანდუმით დაადასტურონ, რომ პარლამენტში არ შედიან.
დღეს პარლამენტი თავმჯდომარეს აირჩევს და ასევე სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე აირჩევს ხელმძღვანელებს.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოეხსნება უფლებამოსილება მთავრობას. ახალ მთავრობას პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს ნდობა.
„ქართულ ოცნებაში“ რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში 150-დან 90 დეპუტატი ჰყავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია.
_________________________
● TI: კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს