ოთხი ოპოზიციური ძალა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ოთხი ოპოზიციური ძალა
ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური პარტიის/კოალიციის განცხადებაში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობის რეჟიმში თანხმდებიან, რომ ქმედით დახმარებას აღმოუჩენენ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით. მათივე თქმით, ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ისინი აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. პარტიები მოუწოდებენ ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები “მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების” თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს, დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან, ისინი მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს.
“ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი საერთო სახელმწიფოს გადასარჩენად. თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით
შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.
ერთად მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები.
ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა დააკისრა ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, ასევე 4 ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც „ადგილობრივი აგენტურა, მეხუთე კოლონა“ უწოდა.
„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად“, – განაცხადა კობახიძემ და ევროკავშირის ელჩი სიცრუესა და ორპირობაში დაადანაშაულა.