ოპოზიცია საერთო პოზიციებზე შეჯერდა და "მესამე რაუნდისთვის" ემზადება
ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვისთვის. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება, კვლავ ძალაშია, თუმცა ბოიკოტთან ერთად, შეთავაზებაც აქვთ – ამის შესახებ ოპოზიციონერებმა „ლელოს” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
________________
● პარლამენტის სხდომის პირველ დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძართან შეიკრიბება
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
● საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “შეურიგებლობის მანიფესტს” მოაწერეს ხელი
__________________
პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ცხარე დისკუსია რამდენიმე საათი გაგრძელდა. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საერთო პოზიცია შეჯერდა და ოპოზიცია მზად არის როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ისე ელჩებთან შეხვედრისთვის.
მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს.
„გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა, თუმცა პოზიციები შეჯერებულია და მოდერატორებთან შეხვედრისთვის მზად არიან.
“ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია! ერთიანი პოზიცია ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა”, – ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, “გირჩი” პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა და თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ – ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად.
ჟურნალისტის კითხვაზე, სხვა წინადადებით რომ მივიდეს მმართველი გუნდი – მაგალითად 2024 წელს ბარიერის დაწევა, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება – ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ახალი სისტემით – 120/30. ანუ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩიეს, 30 კი მაჟორიტარულით.
პირველ ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, 17-ში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 48,22%“
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” — 27,18%
”ევროპული საქართველო” — 3,79%
“ლელო საქართველოსთვის” — 3,16%
“პატრიოტთა ალიანსი” — 3,14%
“სტრატეგია აღმაშენებელი” — 3,15%
“გირჩი” — 2,89%
“მოქალაქეები” — 1,33%
“ლეიბორისტული პარტია” — 1%