სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მისდევს მოქალაქეს შეიარაღებული ენზელ მკოიანი, რომელიც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია. ვიდეო ასახავს 26 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც მკოიანთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, სამველ პეტროსიანი ფიგურირებს.
კადრებში ჩანს, როგორც მისდევს მკოიანი იარაღით ვიღაცას. ეს ვიღაც, სავარაუდოდ, სამველ პეტროსიანია. პოლიციელი ამ დროს მკოიანის შეჩერებას ცდილობს, თუმცა, მკოიანი მას ხელს ჰკრავს და თავიდან იშორებს.
26 მარტს სამველ პეტროსიანთან კონფლიქტი რომ ჰქონდა, ეს ენზელ მკოიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თვითონაც დაადასტურა. მკოიანის ინფორმაციით, პეტროსიანი მის მოკვლას აპირებდა და ის თავდაცვის მიზნით, ჰაერში ისროდა.
ასეთივე ბრალდებას უყენებდა მკოიანს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი.
მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ორ პირს წარედგინა ბრალი – ა.მ.-სა და ს.პ.-ს (“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, სამველ პეტროსიანს), რომლებმაც, უწყების ინფორმაციით, “ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი”.
პროკურატურის განცხადებაში მკოიანი ნახსენები არ არის.
ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტის წევრია 1999 წლიდან. ის ბოლო 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მკოიანი “ქართული ოცნების” სახელით იყრიდა კენჭს. ის ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია.
მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის მაჟორიტარად აღარ წარადგინა – 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ნინოწმინდასა და ახალქალაქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი სამველ მანუკიანი იქნება.