“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გვარამიას საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. მათივე თქმით, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.