ნადიმი ჟამიანობის დროს
‘ნეტა ოდესმე თუ გაიღვიძებს თქვენში სინდისი! რატომ ხართ ასეთები? რა მოხდა? ნუთუ ცხოვრებაში არაფერი გინახავთ? საერთოდ დაგავიწყდათ, როგორ უნდა გამოთქვათ პროტესტი და როგორ უნდა უთხრათ „არა“ რაღაც დღესასწაულს? თქვენ ხომ ჩვენზე ამბობთ, რომ დასავლეთს მივყიდეთ სულები? გვლანძღავთ ხოლმე, თავად კი თავმომწონედ აცხადებთ, რომ პოლიტიკაში არ ერევით.არც ამჯერად უთქვამს თქვენთვის ვინმეს, რომ მიტინგზე მისულიყავით, რაიმე გაგეპროტესტებინათ და საკუთარი უფლებები დაგეცვათ. უბრალოდ, შეგეძლოთ სახლში აღგენიშნათ დღესასწაული, ოჯახთან ერთად. ნუთუ ამით სამყაროს აღსასრული დადგებოდა?!’
ასე მიმართა ბაქოელებს ცნობილმა კარიკატურისტმა გიუნდუზ აგაევმა. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო და ცხარე დებატები გამოიწვია. ნახატზე არც ისე დიდი ხნის წინათ „გიუნეშლის“ პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული მენავთობეების მოჩვენებები საახალწლო მაშხალებს ზღვიდან შესცქერიან. 31 დეკემბერს, სველი თოვლისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, სადღესასწაულო მაშხალები მაინც გაუშვეს.
ეს შემაძრწუნებელი ნახატი მიზანს მოხვდა _ თანაბრად გამოიწვია სოციალური ქსელის აზერბაიჯანელი მომხმარებლის მხურვალე მხარდაჭერაც და გულსიწყრომაც. ერთმა მხარემ ამ ნახატის გამოქვეყნება ხალხის სინდისის გამოღვიძების მცდელობად აღიქვა, სხვებმა კი ამას პოპულიზმი და ჭირისუფლების გრძნობებით სპეკულაცია უწოდეს.
‘ამ ზღვაში ყოველ ზაფხულს ათეულობით ადამიანი იხრჩობა. და რა, ამიტომ ზღვაში აღარ შევიდეთ?’
‘ეს სურათი მეტისმეტი თავის გამოდებაა.’
‘საშინელი სურათია, მაგრამ მართალი.და არც გადამეტებულია რამე. პირიქით, გადაჭარბებული უფრო ის ტუტუცური აღფრთოვანებაა ახალი წლის დადგომას და ბულვარში გაშვებულ მაშხალებს რომ ახლავს. მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა უნდა გაგვხარებოდა. ალბათ მხოლოდ ის, რომ ნათესავები და ახლობლები ჯანმრთელად და გვერდით გვყავს. ვერც კი წარმომიდგენია, რას გრძნობენ ამ დღეებში გარდაცვლილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები. ამ ფოეიერვერკის შემხედვარე ვერც კი ვხვდები, 31-ის რა „სოლიდარობაზეა“ საუბარი’.
საქმე ისაა, რომ 31 დეკემბერს, ახალი წლის გარდა, მთელ მსოფლიოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღესაც აღნიშნავენ.სწორედ ეს შესაშური სოლიდარობა გამოავლინეს ბაქოელებმა, როდესაც საახალწლო წარმოდგენის სანახავად 31 დეკემბრის ღამეს, საშინელ ამინდში, ბულვარში გავიდნენ.სოლიდარობის ნიშნადვე, უწოდეს სოციალურ ქსელებში ამ წარმოდგენას „ნადიმი ჟამიანობის დროს“ და „როკვა ძვლებზე“.
- 4 დეკემბერს ნავთობის პლატფორმა გიუნეშლიზე ხანძარი გაჩნდა.
- ოფოციალური მედია თავიდან ამტკიცებდა, რომ ყველა მენავთობე ევაკუირებულია, თუმცა მოგვიანებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა.
- ილხამ ალიევმა 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
- 33 ადამიანი გადარჩა, 7 ადამიანი კი გარდაცვლილი იპოვეს.
- 23 მენავთობე დღემდე დაკარგულია.
- ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და შესაბამისი სახელმწიფო კომისია შეიქმნა.
- გიუნდუზ აგაევი _ აქტუალურ თემებზე შექმნილი პოპულარული კარიკატურების (მაგალითად, ‘Imagine’, ‘Holy selfie’ და სხვ.) ავტორი.