მწვრთნელის ფაქტორი
დღეს ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ფეხბურთს მწვრთნელები თამაშობენ, რომ ინდივიდუალისტი მოთამაშეების რაოდენობამ იკლო და რომ ფულმა გადაყლაპა სანახაობა. თუმცა, გვინდა-არ გვინდა, ფეხბურთის მოყვარულები მაინც ველოდებით ახალ სეზონებს, ახალ წილისყრებს და რაც მთავარია – ახალ ტრანსფერებს, და არა მარტო ახალი ფეხბურთელების, არამედ დღევანდელი ფეხბურთის მთავარი ტვინების და მამოძრავებელი მექანიზმების – მწვრთნელების, რომელთა ნაკლებობას აშკარად არ განიცდის თანამედროვე ფეხბურთი; უფრო პირიქით – დღეს ის უფრო საინტერესოა, რომელი მწვრთნელი შეიცვლის გუნდს, ვიდრე ის, თუ რამხელა ტრანსფერს დაახეთქებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მადრიდის რეალი” თუ “მანჩესტერ სიტი”.
აქ წელსაც ყველაზე მეტად ინგლისელებმა იყოჩაღეს და ისეთი მწვრთნელები შეკრიბეს, რომ უკვე არავის ახსოვს პოლ პოგბას დაბრუნება “მანჩესტერ იუნაიტედში” 106 მილიონ ევროდ, ზლატანის კარიერის ალბათ უკანასკნელი სეზონები, რომელიც ასევე “იუნაიტედში” იქნება და მისი დაუძინებელი მტრის, თანაქალქელი “სიტის” მიერ დახარჯული 176 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელებისთვის. ახლა ფეხბურთის მოყვარულებისთვის მთავარი კითხვაა – როგორი იქნება დიდი დუელის – მოურინიო გვარდიოლას წინააღმდეგ – დაბრუნება? მათ უკვე მოასწრეს პირველი ჯახი, რომელიც პეპ გვარდიოლამ მოიგო. თანაც ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.
წლევანდელ სეზონში სწორედ ჟოზეს და პეპის გუნდების ჩემპიონობას ელის ბევრი სპეციალისტი, თუმცა თუ სხვა გუნდების მწვრთნელებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ასე მარტივად საქმე ნამდვილად არ არის: “ჩელსიმ” თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი და “იუვენტუსის” ხელახლა აღმზევებელი ანტონიო კონტე მოიყვანა გუნდში.”ლივერპულს” გადარეული იურგენ კლოპი ჰყავს, რომელიც შარშანდელი ზამთრიდან ავარჯიშებს გუნდს და წელს უკვე თამამად თქვა: ეს უკვე ჩემი გუნდიაო. სადიო მანეს და ჟორჟინიო ვილანდუმის ტრანსფერებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მერსესაიდელები – სტარტიც მშვენიერი ჰქონდათ – ულამაზესი თამაშებით მოუგეს “არსენალს” და შარშანდელ სასწაულს “ლესტერ სიტის”. თუმცა, როგორც ჩანს სტაბილურობა ისევ აკლიათ კლოპოს ბიჭებს, რადგან დებიუტანტ ბარნლისთან წააგეს. პრემიერ ლიგაშია პოჩეტინოს “ტოტენჰემიც” – მზარდი და ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი, ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელით. რიხიანად დაიწყო სეზონი “ევერტონმაც”, რომელსაც ამჟამად რონალდ კუმანი თავკაცობს. მისი ყოფილი გუნდი, “საუთჰემპტონი” კი გამოცდილმა ფრანგმა სპეციალისტმა, კლოდ პიულმა ჩაიბარა. “სუონსიში” დარჩა ფრანჩესკო გვიდოლინიც, წმინდა იტალიური სტილის მწვრთნელი, გამობრძმედილი ტაქტიკოსი, რომლის წყალობითაც, “სუონსი” შარშანდელ სეზონში გავარდნას გადაურჩა. კიდევ ერთი იტალიელი, “ნაპოლის” და “ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი “უოტფორდს” გაწვრნთის – ეს ძალიან ამბიციური და სერიოზული განაცხადია. ერთი შეხედვით, ეს არაფრით გამორჩეული გუნდი წელს კერკეტი კაკალი უნდა იყოს; ისევე როგორც ახლად აღზევებული “მიდლსბრო”, რომელსაც ჟოზე მოურინიოს ყოფილი ასისტენტი, აიტორ კარანკა წვრთნის და მანვე ამოიყვანა ჩემპიონშიპიდან. ინგლისშივეა უკვე ლეგენდად ქცეული ტონი პულისი, რომლის გუნდებიც მართალია მუდამ მყრალ და უსახურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ მათთან იოლი მატჩი ჯერ არავის ჩაუტარებია.
წლები გადის, ბევრი რამ იცვლება პრემიერ ლიგაში, სულ უფრო და უფრო მეტი სიურპრიზი, მეტი ექშენი, მეტი სიახლე ჩნდება. ჯერ მარტო “ლესტერის” ჩემპიონობა რად ღირს. მაგრამ რად გინდა – არაფერი იცვლება “არსენალში”. ისევ ტრავმირებული ფეხბურთელები, ისევ უაზრო ტრანსფერები და ისევ არსენ ვენგერი, რომელსაც პენსიაზე გასვლა დააგვიანდა, რასაც უკვე აშკარად ითხოვენ არსენალის ფანები.
ეგ კი არა, უკვე ჩემპიონშიპიც ისეთი დაძაბული გახდა, არაფრით ჩამოუვარდება რანგით მასზე მაღალ ევროპულ ლიგებს. ჩამოუვარდება კი არა, ზოგ შემთხვევაში, მათზე გაცილებით ხარისხიანია – ჯერ თუნდაც მწვრთნელების სახელებს გადავხედოთ – რაფაელ ბენიტესი “ნიუკასლში”, ფილიპე მონტანიერი (ალბათ ყველას ახსოვს კარლოს ველას და ანტუან გრიზმანის “რეალ სოსიედადი”, სწორედ მათი მწვრთნელი იყო ფრანგი) “ნოტინგემ ფორესტში”, გარი მონკი “ლიდსში”, რობერტო დი მატეო (რომელმაც “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო) “ასტონ ვილაში”, ალექს ნილის “ნორვიჩი”, ვალტერ ძენგას “ვულჰერმპტონი” და სხვა. ჩემპიონშიპი წელასაც ისეთივე დაძაბული და რთულად პროგნოზირებადი იქნება, როგორც ყოველთვის იყო, თუმცა ამჯერად გამოცდილი და კარგი მწვრთნელების არომატით.
სხვა ქვეყნებმა ამ მხრივ დიდად ვერ ივაჟკაცეს. ალბათ ცნობილი და სახელოვანი მწვრთნელებიდან მხოლოდ კარლო ანჩელოტი თუ დარჩა პრემიერ ლიგის მიღმა. ის “მიუნხენის ბაიერნს” ჩაუდგა სათავეში და ისეთი სტარტი აიღო პროფესორის გუნდმა, რთულად წარმოსადგენია, მას ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს. ალბათ წელსაც უკონკურენტო ჩემპიონი იქნება. 5 თამაში, 5 მოგება, 20 გატანილი და 0 გაშვებული გოლი, ეს არის “პაპა კარლოს” სტარტი. ალბათ ისევ მეორე ადგილისთვის იბრძოლებს ტომას ტუხელის “დორტმუნდი”, რომელსაც მარიო გიოტცე დაუბრუნდა.
არაფერი შეცვლილა ესპანეთშიც, თუ არ ჩავთვლით ბარსელონას ცოტა გაუგებარ ტრანსფერებს – პაკო ალკასერი და ანდრე გომეში “ვალენსიიდან”, სამუელ უმტიტი “ლიონიდან”, ლუკას დინი “რომადან”, საკუთარი აღზრდილი დენის სუარესი “ვილიარეალიდან”. სულ ეს არის. ბევრი სპეციალისტის აზრით, ეს უფრო მომავალზე გათვლილი ტრანსფერებია და წელს ისევ მესი/სუარესი/ნეიმარის იმედად იქნება კატალონიური გრანდი.
ბევრი არაფერი შეცვლილა “მადრიდის რეალშიც”, ზიზუს ბიჭებს “იუვედან” დაბრუნებული მორატა და “ესპანიოლიდან” ასენსიო შემოუერთდა, რომელმაც უკვე მოასწრო რამდენიმე ლამაზი გოლის გატანა. კლუბი გამოიცვალა უნაი ემერიმაც, რომელმაც “სევილიიდან” პსჟ-ში გადაინაცვლა, მის მაგივრად კი ექსცენტრიული არგენტინელი, ხორხე სამპაოლი მოვიდა და სტარტიც საკმაოდ უცნაური ჰქონდა – მათ 6:4 მოუგეს ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნებული კიკე სანჩეს ფლორესის “ესპანიოლს” და ბოლო წამებზე გამოგლიჯეს გამარჯვება წელს ულამაზესად მოთამაშე “ლას პალმასს”.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლეანდრო ჟარდიმი და მისი “მონაკო”, რომელიც ძლიერ კონკურენციას გაუწევს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილ პსჟ-ს.
მოვიდა შემოდგომა და ნელ-ნელა ეშხში შედის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა (სადაც ყველაფერი უცვლელია, ერთი ის არის, რომ “იუვენტუსმა” 93 მილიონ ევროდ იგუაინი იყიდა, 106 მილიონად პოგბა გაყიდა, “მილანმა” კი ვინჩენცო მონტელა მოიყვანა მწვრთნელად) და ყველა ერთად ველოდებით, რომელი მწვრთნელი რომელს აჯობებს, რომელი იქნება წლევანდელი “სფეშალ ვან” .
გამოქვეყნებულია:21.09.2016