"მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის საკითხები" - ომბუდსმენი ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების საკითხს სწავლობს
ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა
“ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის საკითხები”, – ასე სახალხო დამცველი ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების საკითხს გამოეხმაურა. ოჯახი, სადაც ტრაგედია მოხდა, სოციალურად დაუცველი იყო.
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში “ოჯახების გაძლიერების საკითხები არასათანადოდ არის მხარდაჭერილი”. მან სახელმწიფო უწყებებს სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
საქმის მოკვლევა დაიწყო ენერგოომბუდსმენის აპარატმაც იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახს.
- ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ს ახალი კვლევა
- როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი
„ჩვენი უფლებამოსილებაა აბონენტების უფლებების დაცვა. თუ ეს უფლებები ირღვევა, მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს… რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ოჯახში ელექტროენერგია იყო გათიშული, ჩვენ მოვიძიებთ მიზეზს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ენერგოომბუდსმენის თანაშემწე ვალერი ფხაკაძემ.
მან აღნიშნა, რომ დენის, წყლისა და გაზის მიმწოდებელი კომპანიები ვალდებული არიან, დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამატებითი ვადა მისცენ.
ხანძარი ზუგდიდში და გარდაცვლილი ტყუპი ძმები
12 აგვისტოს ღამით ზუგდიდში ხანძარს 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაქირავებ ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა დედა 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა.
სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი ანთებული სანთელი გახდა. უფროსმა და-ძმამ სახლიდან გამოსვლა მოახერხა, 6 წლის ტყუპი ძმები კი მაშველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ღამით, როდესაც ტრაგედია მოხდა, დედა სამუშაოდ იყო წასული, ბავშვები დაძინებული დატოვა, სანთელი კი შესაძლოა ანთებული დარჩა, რათა ბავშვებს სიბნელეში არ შეშინებოდათ. ხანძრის წინა დღეს ოჯახს გადაუხდელობის გამო ელექტროენერგია შეუწყვიტეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. დედას დღისითაც და ღამითაც უწევდა მუშაობა, რომ შვილები საკვებით და ელემენტარული პირობებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი. მან მხოლოდ 2 თვის წინ მოახერხა ბავშვების მინდობით აღზრდიდან დაბრუნება.
ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს, პირველ რიგში, სწორედ ბავშვებისთვის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 ათას 573 პირი იღებს, ეს რიცხვი 16 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობის 31 პროცენტს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს.