მრევლი ტაძრის ეზოში დადგება, ზიარების წესი არ შეიცვლება
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს და ამბობს, რომ ტაძრის კარი არ დაიხურება და წირვა-ლოცვები ისევ გაგრძელდება. მიმართვაში არაფერია ნათქვამი ზიარების წესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და მრევლს ისევ საერთო კოვზით აზიარებენ.
2 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 26 გამოჯანმრთელდა.
ილია მეორე მიმართვაში აღნიშნავს, რომ მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები და “ამიტომ, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.”
პატრიარქი მრევლს სთხოვს, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან სოციალური დისტანცია, ლიტურგიის შესრულებისას, ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, დიდ საკათედრო ტაძრებში კი მრევლი შეზღუდული რაოდენობით დაუშვან.
კათალიკოს-პატრიარქის რეკომენდაციით, დასაშვებია, რომ მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს წმინდა მსახურებაში ლოცვითი მონაწილეობა. მცირე ზომის ტაძრებში წირვა-ლოცვა კი, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ, დროებით მოწყობილ ტრაპეზზე აღსრულდეს.
ილია მეორე მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის, ან უძლურების გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ, ანდა სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დაინფიცირების გამო, მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ. პატრიარქის განცხადებით, სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.
სინოდი ზიარების წესს არ ცვლის – ტაძრებში მსახურება გახმოვანდება
სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან აიკრძალა სამ კაცზე მეტის შეკრება, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა სადაც მოქალაქეებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. მუშაობა შეწყვიტა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გაჩერდა მეტროც. მთავრობის დადგენილებით, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა და 21:00-დან 06:00-მდე კომენდანტის საათი დაწესდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის განჩინებით კი, ზიარების წესი არ იცვლება და მრევლს ისევ საერთო კოვზით აზიარებენ.