მოსკოვის მერი: „სინამდვილეში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია“
რუსეთში, კორონავირუსზე შესამოწმებელი ტესტების მასობრივი შესყიდვა იწყება
ძირითადი წყაროები – Медиазона, BBC
ოფიციალური მონაცემებით, 25 მარტის დილას, რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებული 495 ადამიანია.
თუმცა, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოფიციალურზე გაცილებით მაღალია.
„დღეისათვის, დაავადებული (მხოლოდ მოსკოვში), დაახლოებით, 500 ადამიანია. უბრალოდ, ნაწილი – ჯერ დაუდასტურებელი შემთხვევებია. რეალურად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია.
რეგიონებში კი ტესტირებების მოცულობა საერთოდ ძალიან დაბალია და რეალური სურათი არავინ იცის“, – განაცხადა სობიანინმა.
მოსკოვის მერიას აქტიურად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ტესტირებაზე წვდომა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც სამშობლოში ისეთი ქვეყნიდან დაბრუნდა, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა, მოსკოვის მთავრობა წესების მიხედვით მოქმედებს, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბითაა მიღებული.
მოსალოდნელია, რომ სიტუაცია უახლოესი დღეების განმავლობაში შეიცვლება.
- რუსეთის ახალი კონსტიტუცია: „მარადიული“ პუტინი, ღმერთი და რუსი ხალხის განსაკუთრებული როლი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- ათასობით ადამიანი ტაძარში წმინდა ნაწილებსა და ხატებს ემთხვევა. როგორ ებრძვიან კორონავირუსს რუსეთში
- „დაიბანეთ ხელები ტელევიზორის შემდეგ“ – ყალბი ამბები, რომლებიც სიკვდილში გეხმარებიან
20 მარტს, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია კორონავირუსის ტესტების შეძენა გამარტივებული წესით.
ტესტების მიწოდებაზე ლიცენზია მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „SmartLifeCare“-მა მიიღო. ის ტესტებს რუსულ-იაპონური კომპანია „ევოტეკ-მირაი-გენომიქსისგან“ ყიდულობს, რომელიც იაპონურ K.K. Mirai Genomics-ს ეკუთვნის.
კონტრაქტში, ალბათ, ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესის ინტერესია. როგორც BBC-მ გაარკვია, „SmartLifeCare“ ინვესტირებას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში აპირებს. ამ ფონდში კი საკონტროლო პაკეტი ალექსეი კოზლოვს ეკუთვნის, ის უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიის, „სიბირ ჰოლდინგის“ მმართველი საბჭოს წევრია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის მერიამ „SmartLifeCare“-ისგან უკვე შეიძინა 192 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 2,5 მილიონი დოლარის) ტესტ-სისტემები და ტესტები.
იგეგმება, რომ უახლოეს დღეებში, რუსეთი დღე-ღამეში 10 ათასამდე ადამიანის ტესტირებას ჩაატარებს.
ამისათვის, მოსკოვში ტესტირების ცხრა ლაბორატორიას გახსნიან.
იდეალურ შემთხვევაში, ქალაქი დღე-ღამეში 25-28 ათასი ტესტის ჩატარებას აპირებს, აცნობა BBC-ს წყარომ მოსკოვის მერიიდან.
რუსეთს საერთო საზღვარი აქვს ჩინეთთან და ეს საზღვარი არ ჩაკეტილა. ბოლო დრომდე, ღია იყო საზღვრები სხვა ქვეყნებთანაც, სადაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.
ექსპერტები ელიან, რომ მასობრივი ტესტირება რუსეთს უფრო რეალურ სურათს მისცემს – და რუსეთში კორონავირუსის უფრო პესიმისტურ სურათს წარმოაჩენს.
