TI: მედიის შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება
მედიის შემზღუდველი ცვლილებები
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. საუბარია მედიის შემზღუდველ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტზე.
TI მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანია:
“დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.”- ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26 თებერვალს მედიის შემზღუდველი ცვლილებები დაინიციირდა, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის და რომლითაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალება.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) აკრძალვა იგეგმება.
ასევე, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ცვლილების თანახმად, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.