პაციენტი, რომელასც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა, აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიას მალავდა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული, თბილისში გადმოიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს.
ის ერთ-ერთია იმ 5 პირს შორის, რომელთაც კორონავირუსი 22 მარტს, დილით დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 62 წლის ქალი კორონავირუსით მისი დისგან დაინფიცირდა, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ავადმყოფობის გამო კლინიკა “ავერსს” 13 მარტს მიმართა.
„ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული:
“არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა.”
ამჟამად მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ ადამიანების სიას ადგენენ, რომლებთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი. ეპიდემიოლოგების თქმით, სია საკმაოდ დიდია.
“ფორმულასთან” საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მწვავე რესპირაციული სინდრომები აქვს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, “ჯეოჰოსპიტალის” მედპერსონალის თვითიზოლაციის საჭიროება არ დგას.
22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
54 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა.