ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის 1,8 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია
გაზიარება
გაზიარება
მიმდინარე წელს გაზრდილი სახელმწიფო ვალი 1,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის გაუფასურებაა – წერია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
1-ელ ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯებს.
2021 წელს ხარჯის სახით გათვალისწინებული თანხა ასევე აღემატება 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმასაც: სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს.
ამასთან, 2021 წელს საბიუჯეტო ხარჯებში 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
მომდევნო წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 3,1 მილიარდი ლარი დაიხარჯება, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 570 მილიონი ლარი.
ამგვარად, 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა ჯამურად 33.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება. მოცემული 33.6 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი კი თითქმის 6 მილიარდი ლარი იქნება.