კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობენ, აღარ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ორგანიზმში ვირუსი კვლავ უფიქსირდებათ, სარეაბილიტაციო კურსს აბასთუმანსა და სხვა საკურორტო ზონებში გაივლიან.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 168 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
პირველ ეტაპზე ასეთ პაციენტებს აბასთუმნის კლინიკა მიიღებს.
აქამდე მას საკარანტინო ზონად და ცხელების ცენტრად იყენებდნენ. აბასთუმნის კლინიკას ერთდროულად 100 პაციენტის მიღება შეუძლია.
“ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კლინიკაში პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
როგორც მინისტრი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ აბასთუმნის კლინიკა სრულად შეივსება და პაციენტების გადაყვანა კიდევ იქნება საჭირო, სამინისტრო კლინიკას სხვა საკურორტო ზონაშიც შეარჩევს.