კორონავირუსით გასულ კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 787 შემთხვევა
გაზიარება
გაზიარება
კორონავირუსით გასულ კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 12 787 ახალი შემთხვევა.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17.41 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის 17.67 პროცენტი. დღეს საქართველოში სულ 11 821 აქტიური შემთხვევაა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების საფუძველი არაა და არც იქნება.
“მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კონკრეტული კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია და არის მინიმალურ ზღვარზე. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ არის:
“თუ აბსოლუტურ რიცხვებში შეიძლება შევადაროთ და არა ისე, რომ 5-ჯერ, 10-ჯერ და ასე შემდეგ გაიზარდა, თუ ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები გვქონდა 100, ახლა გვაქვს 500. ეს არის სულ. 3 700 000-იან ქვეყანაში.”
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო. შეზღუდვა მოხსნილია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 762 206 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 900 გარდაიცვალა, 1 733 459 კი გამოჯანმრთელდა.