"კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება" - საქართველო თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის
კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის დასასრულზე მიუთითებს კორონავირუსით ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება.
22 მარტს საქართველოში კორონავირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
28 მარტიდან საქართველოში უქმდება თიტქმის ყველა კოვიდ შეზღუდვა – აღარ არის შეზღუდვები შეკრებებზე, აღარ არის სავალდებულო პირბადის ტარება ღია სივრცეში.
რჩება მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა: პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში და შეზღუდვები უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან.
● საქართველოს “ომიკრონი” უტევს
● საქართველოს მთავრობის გეგმით, ივლისამდე მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი
● სიღარიბე, ინფლაცია, კორონავირუსი. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები და ტენდენციები
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. ეს არის სპეციალური პრეპარატი “პაქსლოვიდი”, რომელიც კომპანია “Pfizer”-ის მიერაა შექმნილი.
როგორც მინისტრი ამბობს, მედიკამენტის მიღება აუცილებელია დაინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ყველაზე მზლავრი ტალღა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაიარა. ომიკრონის შტამით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული სემთხვევების რაოდენობა დღეში 25 ათასზე მეტი იყო.
თებერვლის შუა რიცხვებიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,87%-ია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების ჯამში 1 643 295 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 16 678. საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათასი ადამინია.