საქართველოს მთავრობის გეგმით, ივლისამდე მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი
ვაქცინაცია საქართველოში
საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ივლისამდე მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი იყოს აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ახალი გეგმა განიხილეს.
“ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე – პირველ ექვს თვეში, თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ, შევაკავოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე”, – თქვა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, სამიზნე მაჩვენებელი ამბიციურია, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ იგეგმება აღნიშნულ სამიზნე მაჩვენებელზე გასვლა იმ ფონზე, როცა გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტები და საინფორმაციო კამპანიაც არაა აქტიური, გამყრელიძე ასე პასუხობს:
„ამ გეგმის შესრულების ჩვენი მოლოდინი ეფუძნება უფრო ძლიერ საკომუნიკაციო კამპანიას, მონეტარულ წახალისებას და დაჯერებას იგივე თქვენი [ჟურნალისტების], რომ პანდემიის მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. გთხოვთ, რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ვაქცინაციაზე. მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მიბრძანდნენ და აიცრან.“
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამიზნე მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განისაზღვრა.
„სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის წელსაც იგივეა – მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი და სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი პროფესიიდან გამომდინარე. გეგმა აკეთებს ასევე აქცენტს ბუსტერ-დოზის მნიშვნელობაზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ. თუმცა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის ჩამოწერეს.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო, თუმცა ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია 1 224 149 ადამიანი ანუ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 42.6%.