მზად არის თუ არა აჭარა ეპიდაფეთქებისთვის?
ბოლო ერთი კვირაა საქართველოში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. აქედან, ყოველდღიურად, ნახევარზე მეტი აჭარაზე მოდის.
აჭარაში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. ისინი რეგიონის კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
•412 ათასი ლარი 27 ინფიცირებულის გამოსავლენად. როგორ მუშაობს კორონავირუსის სამთავრობო აპლიკაცია
•“სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას
ყველაზე საინტერესო, რაც ამ შეხვედრაზე ითქვა:
● აჭარაში ამ დროისთვის 400 საწოლია მობილიზებული.
● საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოესი 48 საათის განმავლობაში რეგიონს კიდევ 170 საწოლი დაემატება.
● ამჟამად რეგიონში სულ 345 კოვიდინფიცირებულია. აქედან 187 უსიმპტომოა და ისინი სასტუმროებში მოწყობილ კოვიდკარანტინში არიან მეთვალყურეობის ქვეშ.
● ამჟამად ყველაზე მეტი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. აქ სულ 187 საწოლი აქვთ.
● როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, გია კიკაბიძემ განაცხადა, იკლებს უსიმპტომო პაციენტების რიცხვი – პაციენტების 35 პროცენტს პნევმონია აქვს.
● ბათუმის ათეულობით კლინიკიდან მხოლოდ ორს აქვს შესაძლებლობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის აუცილებელი კვლევა. – კომპიუტერული ტომოგრამა ჩაატაროს. ეს კლინიკებია რესპუბლიკურ საავადმყოფო და კლინიკა “მედალფა”.
● კლინიკების მენეჯერები რეანიმაციის ექიმების დეფიციტზე მიუთითებენ.
● ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკა გახსნილია 40 საწოლზე, თუმცა დღეს 45 პაციენტი ჰყავთ. ინფექციურს კატეკვლევა არ აქვს, ამიტომ გამოკვლევისთვის პაციენტები გადაჰყავთ იმ კლინიკებში, სადაც კატეა და შემდეგ უკან აბრუნებენ.
● “ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე. რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, მკურნალობას გაივლის სასტუმროებში, სადაც ასევე განთავსებულია სამედიცინო პერსონალი და მათთან იწარმოებს მუდმივი მონიტორინგი,” – აღნიშნა ტიკარაძემ.
● ვინაიდან შემთხვევები მატულობს, შეხვედრაზე ისაუბრებს კოვიდპაციენტების ბინაზე მკურნალობის აუცილებლობაზეც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იკითხა, მზად არის თუ არა რეგიონის პირველადი ჯანდაცვა ჩაერთოს პროცესში.
● „არსებობს კოვიდპაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლი. იცით, ხომ, ეს პროტოკოლი? ტრენინგი ხომ გაიარეთ?“ – იკითხა შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თუმცა პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისგან ჟესტით უარყოფითი პასუხი მიიღო. შემდეგ თამარ გაბუნიამ თვითონვე განაგრძო: “ჩვენ კონკრეტულად ამ საკითხებზე ტრენინგებს დავგეგმავთ თქვენთვის. დადგება მომენტი, როცა აქტიურად მოგვიწევს პაციენტის ბინაზე მართვა“, – უთხრა პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილემ.
უფრო ვრცლად, რადიო თავისუფლების რეპორტაჟში.