412 ათასი ლარი 27 ინფიცირებულის გამოსავლენად. როგორ მუშაობს კორონავირუსის სამთავრობო აპლიკაცია
16 სექტემბერს ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის დაკვეთით შექმნილი აპლიკაცია, STOP COVID-ი ამუშავდა. ამ პლატფორმის ფუნქციაა სპეციალური პროგრამის დახმარებით ინფიცირებულთა და მათი კონტაქტების გამოვლენა.
როგორც “რადიო თავისუფლებამ” ჯანდაცვის სამინისტროში გაარკვია, ამ ხუთი თვის განმავლობაში, მოწყობილობის დახმარებით, რომლის შექმნაც ბიუჯეტს 412 ათასი ლარი დაუჯდა, 27 ინფიცირებული გამოვლინდა.
აპლიკაცია ასე მუშაობს:
მოქალაქეს ის გადმოწერილი უნდა ჰქონდეს თავის სმარტფონზე. მთავარი პირობა ის არის, რომ აპლიკაცია მუდმივად გააქტიურებული უნდა იყოს, ანუ იმისთვის, რომ იმუშაოს, მისი დახურვა არ შეიძლება.
სისტემა უნიკალურ კოდს ანიჭებს თითოეულ მობილურ ტელეფონს. და ჩაინიშნავს ყველა იმ მობილურის უნიკალურ კოდს, რომელიც მას ორ მეტრზე ახლოს მიუახლოვდება.

თუკი თქვენთან ორ მეტრზე ახლოს მოახლოებული მობილურის პატრონს ვირუსი დაუდასტურდება, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომ კონტაქტი ხართ.
•“სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას
•ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო აფხაზეთში შეზღუდვები ბრუნდება
•NDI: რას ფიქრობს ხალხი არჩევნებამდე თვენახევრით ადრე
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია სულ 211 308 პირს აქვს გადმოწერილი, საიდანაც 13 867-მა პირმა შეტყობინება მიიღო, რომ ის სავარაუდო კონტაქტი იყო.
როგორც “რადიო თავისუფლებამ” გაარკვია, ხელისუფლება ამ ძვირადღირებულ აპლიკაციას თავის ანტი-კოვიდ საქმიანობაში დიდად არ ეყრდნობა.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ჟურნალისტს – “TV პირველის” ტელეწამყვანს ვიკა ბუკიასა და “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ცხომელიძეს.
ორივე მათგანი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ ინფიცირების შემდეგ არავინ დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა მათ STOP COVID-ის აპლიკაცია ჩამოტვირთული. არც ის შეუთავაზებიათ, რომ აპლიკაცია ჩამოეტვირთათ და იქ საკუთარი მონაცემები შეეყვანათ.
როგორც აპლიკაციაში ვკითხულობთ, მისი შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება.