სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შესაბამისად, ძველი განაჩენის მიხედვით, პარტია “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ისინი დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრეს. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
სასამართლო ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისი (TBC) ბანკის ერთ-ერთი ტრანზაქციის საქმეს იხილავდა. საქმე ძალიან სერიოზულია – იგი ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ანუ ფულის გათეთრებას. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურამ თიბისიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და საქმეს იძიებს, მედიაში 2019 წლის 8 იანვარს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. შემდეგ კი ვრცელი სტატია ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ვებ-გვერდზე, kvira.ge-ზე გაჩნდა. მოგვიანებით, პროკურატურამ სპეციალური განცხადებით განმარტა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაიწყო.
● ოლიგარქიული გავლენები და პოლიტიზირებული სასამართლო – საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
● ყოფილი პრემიერი, მოქალაქე, მილიარდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან
● უნდობლობა სასამართლოს მიმართ და ანაკლიის პორტი – რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
უკვე აგვისტოში პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. ამ საქმეში თიბისი ბანკის პირველი პირები – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ. ტრანზაქცია, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 2008 წლით თარიღდება.
როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, 11 წლის წინ აპრილში თიბისი ბანკმა კომპანიებს შპს „სამგორი M“-ს და „სამგორი თრეიდს“ საბრუნავი თანხების შესავსებად, 17 მილიონი დოლარი ასესხა.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თურმე სესხი დაჩქარებული წესით და პროცედურების დარღვევით გაიცა, შემდეგ კი, ასეთი რამე მოხდა: თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის – ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე ჩაირიცხა 17 მილიონი დოლარი. გადამრიცხველები ის კომპანიები იყვნენ, რომლებმაც თიბისიდან ფული ისესხეს.
პროკურატურა ამბობდა, რომ თიბისი ბანკს ეს 17 მილიონი დღემდე არ დაუბრუნებია. მეტიც, 2012 წელს თიბისიმ საერთოდაც გაათავისუფლა „სამგორი M“-ი და „სამგორი თრეიდი” სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც მათ უფლება მისცა 17 მილიონიანი საბანკო ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადაეტანათ. პროკურატურის განცხადებიდან გაუგებარია, თუ რატომ უწოდებს პროკურატურა ამ თანხას “შავ ფულს” .
საქმის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ კომპანიები “სამგორი M” და “სამგორი თრეიდი” ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ეკუთვნის. ხოლო მის შვილს, ვახტანგ წერეთელს ეკუთვნის ტელეკომპანია “ტვ პირველი”.
TBC ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც თითქმის ორ მილიონ მომხმარებელს ემსახურება. იგი 1992 წელს დაარსდა. ეს არის ქვეყანაში პირველი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი საცალო დეპოზიტების სეგმენტში. შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 7 ათასი ადამიანი.
ამ საქმესთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გამოითქვა. ერთი რამ, რაც ყველა ვერსიას აერთიანებს, ბიძინა ივანიშვილია – არავის სჯერა, რომ პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის “შეწუხება” არაფორმალური მმართველის თანხმობის გარეშე გაბედა.
ზოგის აზრით, ხაზარაძე იმის გამო ისჯება, რომ ყოფილი პრემიერის, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტის და შემდეგ მის მიერ მოძულებული და თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია.
ხდება პარალელების გავლება 2004 წლის რუსეთთანაც, როდესაც ვლადიმირ პუტინი თავის პოტენციურ კონკურენტებს, ბიზნესმენებს და მედიამაგნატებს – გუსინსკის, ხოდორკოვსკის და სხვებს დაერია.
მაგრამ მთავარი ვერსია მაინც ანაკლიის პორტია.
ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ თიბისი ბანკი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული. ამას ივანიშვილი თავადაც არ მალავდა.